Friday, December 18, 2015

მზიანი ბარბა"ლ"ობა თოვლიან სვანეთში



გუშინ ბარბარობა იყო. თუ გერმანიაში მეშახტეების მფარველად ითვლებოდა წმინდა ბარბარე, სვანეთში ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად რჩება, - ამბობენ ამ ხუთშაბათის შემდეგ, ყველა ხუთშაბათი დღესასაწაულიაო და წინასადღესასწაულო სამზადისს ერთი კვირით ადრე იწყებენ, - ზოგი არაყს იმარაგებს; ზოგი ლემზირების (პატარა კვერების) დასაცხობად ემზადება; ზოგი ლობიოს და ნიგოზს არჩევს ასევე ლემზირებისთვის და ..

წმინდა ბარბარე მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიის წმინდანია. ბარბალე კი ქართულ მითოლგიაში მზის განმასახიარებელი ქალღმერთია. მას ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ქართული წარმართული ღვთაების ბარბალის პატივსაცემად საქართველოში ცხვებოდა ყველიანი და კვერცხიანი კვერები. ამ კვერებს მზის საპატივცემულოდ მრგვალი ფორმა და ყვითელი გული ჰქონდა. როდესაც გაქრისტიანდა ქვეყანა, არსებული წარმართული წმინდანისა და ახალი ბარბარეს სახელების ფონეტიკური დამთხვევის გამო მოხდა მათი შერწყმა. შედეგად აღინიშნებოდა ბარბარობა ბარბალობის წესების რამდენადმე შენარჩუნებით.

ამდენად, იმდენად სასიამოვნო იყო მზიანი ბარბალობა თოვლიან და ყინულოვან სვანეთში, რომ ასე მეგონა, ყველა ერთად ვანათებდით.

ჩვენს სოფელში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაც ყოფილა, რომელიც გიგლემიანების გვარს ეკუთვნის. ისინი დილით ადრევე ავიდნენ ეკლესიაში და გიგლემიანთ ბავშვები პირველ გაკვეთილზე უკვე საკლასო ოთახში დამხვდნენ, - წინასწარ მომზადებულები, რომ ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი თავიდან აირიდონ, - დაჯი მასწ, დღეს გაკვეთილის მოყოლა არ შეიძლება!

მეცინება, - მოწვეულ მასწავლებელს მატყუებთ , ხო?!... - არა მასწ, დღეს შრომა არ შეიძლება, სწავლაც ხომ გონებრივ შრომას მოითხოვს. მერე მიყვებიან მათ ჩვეულებებზე, ტრადიციებზე, ბარბარობაზე, საგვარეულო ეკლესიებზე და სასაფლაოებზეც კი. ამასთან ერთად, ცდილობენ სვანური სიტყვებიც მასწავლონ. ხოხრა არის პატარა, - აიი, მასწ, თქვენ როგორიც არ ხართ , აი ეგ არის ხოხრა. - ამბობს გუა , ჩუმად ხითხითებს და ცისფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, ჩვეულებისამებრ.

შესვენებაზე ნიგვზიან ლემზირებს მივირთმევთ, - არ მომწონს, ნიგოზის დიდი მოყვარული არ ვარ, თუმცა მაინც ვღეჭავ უგემურად J) ჩემზე ხშირად ეცინებათ ხოლმე. ხშირად მსაყვედურობენ, რომ უსიტყვო ვარ. თუმცა, სიცილში , ვიდეოების ჩუმად გადაღებაში და გაკვეთილების სწორად ორგანიზებაში ვერავინ შემედრება. ჰმ .

სახლში ნიგვზიანი ლემზირებისგან შეწუხებული , დიდი სიამოვნებით მივირთმევ ლობიანებს. დიასახლისი წმინდა ბარბალეს ეკლესიაში წასასვლელად ემზადება და უფრო ფუმფულა ლემზირებს აცხობს. კაბას ვიცვამ და ერთად მივემართებით სოფლის ბოლოსკენ. ეკლესიიდან ულამაზესი ხედი იშლება. აქ ხშირად ამოსვლა ნამდვილად ღირს! ვიწრო კარებში წელში მოხრილი შევდივარ და მობილურის შუქით ვათვალიერებ ძველი ეკელსიის შიდა ფასადს. ლალი პატარა ლემზირებს ძირს აწყობს და ლოცულობს. მე საკურთხევლის ვიწრო სარკმელს მივჩერებივარ და მიკვირს ამხელა თეთნულდი როგორ ეტევა ამ ვიწრო ღიობში. საოცარია ღმერთმანი , საღამოს წითელ სხივებში მთვლემარე თეთრი თეთნულდი.

არის ამ ყველაფერში რაღაც ძალიან მშვენიერი.


2 comments:

  1. რომ იცოდნენ, კიდევ რამდენი კავშირია წარმართობასა და ქრისტიანობას შორის, რამდენი შერწყმული რამ, გაგიჟდება ადამიანი <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო, ნამდვილად და ეს ისე ლამაზად არის შერწყმული, უფრო გაგიჟდება ადამიანი )))

      Delete