Sunday, October 28, 2018

კლასის მართვა



სკოლიდან სახლამდე გზა არც ისე მოკლეა, ამიტომ თავდაპირველად, ველოსიპედით დავდიოდი და ამასობაში, გამოფხიზლებასაც ვასწრებდი. ახლა კი, ვცდილობ ფეხით გავიარო გზის ეს მონაკვეთი , რადგან სწორედ ამ დროს ვაჯამებ მთელ დღეს, ველოსიპედი კი ყურადღებას მიფანტავს ხოლმე და მხოლოდ ავტომობილების მოძრაობის თბილისურ თავისებურებებზე ვარ კონცენტრირებული. 
ჩემი სასკოლო დღეები კი, მრავალფეროვანია და უამრავი ემოციებით დატვირთული, რისი ზიდვაც , თავდაპირველად ძალიან მძიმე აღმოჩნდა, თუმცა, ვცდილობ ყველაფერი თავის ადგილას დავალაგო. ეს სწორი , ადამიანებით გადატვირთული ქუჩები კი ამ ემოციების გადამუშავებაში და მობილიზებაში მეხმარება. მივდივარ მათ შორის, როგორც ერთი ჩვეული ნაწილი მათი, მაგრამ მათთვის ალბათ, სრულიად უცხოა ის განცდები, რაც ყოველთვის მომყვება სკოლიდან.
თითოეული კლასი განსაკუთრებული და განსხვავებულია, _ დამუკიდებელი ორგანიზმი, რომლებსაც ქმნიან სრულიად განსხვავებული მოსწავლეები, უკვე გამოკვეთილი ინტერესებით და მისწრაფებებით. მათი ერთობლიობა კი, პატარა, მაგრამ სრულიად განსაკუთრებულ დამოუკიდებელ საზოგადოებას ჰქმნის. ამ საზოგადოების ნდობა რომ მოიპოვო და მის სრულუფლებიან წევრად იგრძნო თავი, გარკვეული ეტაპები უნდა გაიარო:

Tuesday, August 21, 2018

მასწავლებლად ყოფნის მსუბუქი აუტანლობა


ვსაუბრობ მეზობლებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან, ვირტუალურ მეგობებთან, - ისინი არიან მასწავლებლები. ისინი უშედეგოდ ეძებენ სამსახურს. ისინი აბარებენ გამოცდებს; მონაწილეობენ ფასიან ტრენინგებში; დადიან გასაუბრებებზე; თანხმდებიან მიზერულ ანაზღაურებას . მათი ერთი ნაწილი ვერ იწყებს მუშაობას; მეორე ნაწილი იწყებს მუშაობას კერძო სკოლებში, სადაც ძალიან დიდი დატვირთვის მიუხედავად, აქვთ ძალიან დაბალი ანაზღაურება განურჩევლად მასწავლებლის სტატუსისა და გამოცდილებისა ; მესამე ნაწილი იწყებს მუშაობას საჯარო სკოლებში, სადაც მათ აქვთ სტატუსის და გამოცდილების შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა , აქ უკვე ტოტალური ნეპოტიზმი თამაშობს გადამწყვეტ როლს.
მე , როგორც ყველა ჩვენთაგანს, მაქვს უფლება, ვისაუბრო იმაზე, რაც უშუალოდ მე მეხება ; ეხება იმას, რისიც მჯერა და რაზე ზრუნვის უფლებაც მაქვს.  ეს ჩემი, როგორც რიგითი მასწავლებლის უფლებაა,_ მაღელვებდეს ჩემი მდგომარეობა , ჩემი უფლებები, ის პირები, რომელთა წინაშეც ვარ ჩემი საქმიანობით პასუხისმგებელი და ის გამოწვევები, რომელიც ჩემ წინაშე დგას. თუმცა, ახლავე აღვნიშნავ, რომ მე ჩემს საქმიანობას არ განვიხილავ, როგორც მხოლოდ პირად პერსპექტივას. მასწავლებლად, იგივე განმანათლებლად ყოფნას მივიჩნევ, ამ საქმით დაკავებული თითოეულ პირის არა ინდივიდუალურ, არამედ საერთო გამოწვევად. ახლა კი ვხედავ, რომ ყველაფერი ერთი წინასწარ შეთხზული სცენარით ვითარდება. ყველა ის პროექტი, რაც გულისხმობს მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას , არის ისეთი თვალისამხვევი ფანდი, რომელიც რეალური პრობლემებიდან ყურადღების არამნიშვნელოვანზე გადატანას ითვალისწინებს და ამასთან ერთად, სრულიად გამორიცხავს კოლექტიურად ბრძოლის შესაძლებლობას. იქმნება ისეთი კონკურენტული გარემო, რომელიც მხოლოდ ინდივიდუალურ წარმატებაზე ორიენტირებულ მასწავლებლებს იზიდავს და მისი როლის რომანტიზებას ემსახურება. რეალურ პრობლემებს კი , ისევ კულისებს მიღმა დარჩენილნი ინაწილებენ.

Friday, April 13, 2018

პოლარული ექსპრესი

„ისინი ჯერ ნაწილაკები და უჯრედები არიან, შემდეგ კი სიზმრების ნახვას იწყებენ“ – sense8
ყოველთვის მოძრაობენ, ლაპარაკობენ, კითხვებს სვამენ, აკონტროლებენ კლასს, რომ გაკვეთილის პროცესში ყველა იყოს ჩართული. გარკვეულ პროგრესსაც აღწევენ და უკვე ჩანს, რომ თითქოს გამორჩეული მასწავლებელი უნდა გახდნენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი კარგად გრძნობს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რაც მათ უნდათ. მათი მუშაობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ისინი კოლეჯის კურსდამთვრებულებს ჰგვანან , ან შეიძლება იყვნენ კიდეც  ის ადამიანები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ გამოიყენონ კოლეჯის ყველაზე გამორჩეული გაკვეთილები და აიღონ ვალდებულებები , ასწავლონ ყველაზე ღარიბი ქალაქების ან მაღალმთიანი დასახლებების სოფლის სკოლებში. მათი უმეტესობისთვის ეს საოცნებო საქმეა; რადგან ისინი ჯერ მზად არ არიან ნამდვილი სამუშაოსთვის; ეს საქმე კი თავგადასავალს ჰგავს.

თუმცა, მათი ეს მცდელობა ჰგავს „მცდელობას, ისწავლონ „ენტერპრაიზის“ პილოტირება. არც ერთმა მათგანმა არ იცის, რომელ გალაქტიკაშია. მათ სჭირდებათ დახმარება“. მათ სჭირდებათ ისეთი კოლეგა მასწავლებელი, რომელსაც აქვს ის ყველაფერი, რაც მათ აკლიათ: შემოქმედებით უნარი, ქარიზმა; მასწავლებელი, რომელმაც იცის დროის განაწილება და მოსწავლეებისთვის თავგანწირვაც. მასწავლებელი, როგორც ერთგვარი ქარიშხალი, რომელიც მოსწავლეებს ისე მართავს, როგორც ორკესტრს; მასწავლებელი, რომლის კლასი არ არის პატიმართა ბანაკი, რომელსაც მართავს კაციჭამია, მასწავლებლის ლიცენზიით. თუმცა, ახალბედა მასწავლებლებმა ისიც იციან, რომ საკმარისია არ არის ამ პროგრამის მექნიკურად გადაღება, რადგან ამით კარგ შედეგს ვერ მიიღებენ. მათ საკუთარი პიროვნებაც უნდა ჩართონ გაკვეთილებში, რადგან „მასწავლებელი, რომლიც გაკვეთილისგან სიამოვნებას არ იღებს, ყველაფერს გააფუჭებს“.