Monday, May 9, 2016

არმარიუმობა მაღალმთიან სვანეთში

მე მაღალმთიან სვანეთში ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ვასწავლი , - უფროსკლასელებს. კიდევ უფრო თვალებციმციმა უმცროსკლასელებთან დიდ დროს არ ვატარებ. მხოლოდ მისალმებით და ღიმილით შემოვიფარგლებით. თუმცა, ესეც საკმარისია , რომ მათთან მეტად დაახლოება მოგინდეს, ამისთვის კი ამ ერთ პატარა სკოლაში მიზეზებს და საშუალებებს რა დალევს. მათთან დასაკავშირებელი ერთ-ერთი ასეთი გზა  „არმარიუმმა“ და მისმა რედაქტორმა შემომთავაზეს, რომელთანაც ადრეც მაკავშირებდა სტუდენტობის პერიოდი და სოციალური ქსელი. მათი ახალი პროექტის შესახებაც ასე გავიგე.

ბოლოდან დავიწყებ. - გაკვეთილების შემდეგ ჩვეულებრივ მასწავლებლებთან ვსაუბრობ, რთული მისახვედრი არაა, რომ ისევ და ისევ სკოლაზე და მოსწავლეებზე. ამ შემთხვევაში, ინგლისურის მასწავლებელი მიყვება სასაცილო ისტორიას გიო და ლუკაზე, - მივედი მათთან სახლში და ვხედავ, რომ ორივენი ფქვილში ამოგანგლულები დგანან და ფაციფუცობენ პატარა დიასახლისებივითო, - დაჯი მასწავლებელმა ჟურნალები დაგვირიგა , სადაც კაკაოს ნამცხვრის რეცეპტი ეწერა და ახლა მაგას ვამზადებთო. ცოტა ხნის შემდეგ ვხედავდი, რომ კიდევ ერთ რეცეპტს საგულდაგულოდ იწერდნენ თვით მასწავლებლები. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ბავშვებისთვის განკუთვნილი სახელოვნებო-შემეცნებითი ჟურნალით მასწავლებლებიც არანაკლებ დაინტერესებულნი ჩანდნენ.