Saturday, October 3, 2015

მესტია, ისინი და ს(ხ)ვანნი

დილით საწოლიდან გამოსვლა უფრო და უფრო მტკივნეული ხდება , - შემჩნეული მაქვს, რომ წითელი ფერი ისევ საწოლისკენ მიზიდავს. მაგრამ როცა კარებზე მომიბრახუნეს, გაჭირვებით ავითრიე წელი და წასასვლელად მომზადებას შევუდექი. 
პარასკევია , - გაკვეთილები არ მაქვს და მესტიაში ბანკის საქმეები მიხმობს. 
სკოლის ბუღალტერი საკუთარ ქმართან და ერთ უცნობ პირთან ერთად დაუღალავად ქოთქოთებს. მე ჩუმად ვარ და ავტომობილის ფანჯრიდან ვაკვირდები მთების კალთებზე აწითლებულ ბუჩქებს. სოფელი მულახი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, რომელიც ოდესმე მინახავს. 
მესტიაში რესურსცენტრში შევიარე წვრილმან საქმეებზე, ბუღალტერი იქვე დავტოვე და თავად მესტიის ერთადერთი ბანკისკენ გავეშურე. ქსელი გათიშულია,-მაუწყებს ოპერატორი . რათქმაუნდა, - ვბუზღუნებ და გარეთ ვხეტიალობ ქსელის ჩართვის მოლოდინში.
კაფეში ავედი, ვაიფი მსურდა მხოლოდ, მაგრამ კალბასებიანი პიცა კი შემრჩა,-ხდება ასეთი ტრაგიკული ამბებიც.
კალბასებიანი პიცის გარდა იყო გადაუწმენდავი მაგიდები, უკან სამშნებლო მასალები, გვერდით დინამიკები, საიდანაც საშინელი ღმუილი და წივილ-კივილი გაისმოდა, წინ კი მესტიის საოცარი ხედი - და მეც დავნებდი, - ზეთისხილები ამოვკრიბე, ჩაიც მივირთვი, მობილურის აპლიკაციებიც დავააპდეითე, ცხრა მთა და ცხრა ზღვის გადალახვის შემდეგ საპირფარეშოსაც მივადექი და ამ ყველაფრის შემდეგ აღმოჩნდა , რომ ლიბერთი ბანკში ქსელი ისევ არაა.
როგორ გინდა, რომ სახეზე არ დაგეტყოს ტკივილი, ტანჯვა და გულისტკივილი.
გარეთ გავდივარ , მაგრამ იქ რუსთავი 2-ის ჟურნალისტები დამდგარან რომელიღაც რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებივით და ითხოვენ სვანთა კომენტარს მათი და ზოგადად სრულიად საქართველოს სამწლიანი მრავალჭირნახულობის შესახებ.
იძულებული ვარ ისევ "უქსელო" ბანკში შევბრუნდე და ცხოვრების დინებას მივყვე.
სადღაც მაღლა ჩემი თხოვნა ისმინეს,ქსელიც ირთვება და მეც ვაგვარებ ჩემს საქმეებს. გარეთ გამოვდივარ, ჩემს ბუღალტერს ვპოულობ და ბაღში ვსხდებით.
მარჯვნივ თამარის ძეგლია, - რომ არ შეეხსენებინა იამზეს, ალბათ ვერასდროს მივხვდებოდი, რომ ის რაღაც ჩვენი თამარქალი იყო და ის მეორე რაღაც, მისი ცხენი. მაგრამ ცხოვრება დღეს უსამართლოა და მეც იძულებული ვარ გავაცნობიერო, რომ ეს "რაღაცობა" სვანების მიერ მოძულებული თამარ მეფის ძეგლია.
ვუახლოვდები, დიდი ინტერესით ვათვალიერებ და ცხარე ცრემლებით ვიცინი - ვინც მიცნობს, მიხვდება რასაც ვგულისხმობ და იმასაც მიხვდება, როგორ გამოვიყურები ამ დროს.
ბაღში ოდნავ გაოგნებულ იამზეს ვუახლოვდები და ვეკითხები აქ წყალი თუ მოსჩქეფს სადმე, როგორც სხვა დანარჩენ სვანეთში. აგერ მოდის, ვერ ხედავო?,- ვერაფერსაც ვერ ვხედავდი, მაგრამ რომ შემოვუარე ბაღის ცენტრს , დავინახე დიდი ონკანი და ბევრი წყალი, და ამ დღეს ასე ძალიან არაფერი გამხარებია. პეშვით ვსვამ და ვგრძნობ, რომ  ამ წყალს წყლის გარდა ყველაფრის გემო აქვს.
გაფითრებული ვბრუნდები იამზესთან და შეწუხებული ვეუბნები , მგონი სადღაც მილი გასკდა და წყალს საშინელი გემო აქვსთქო, - გოგო, ეს მჟავე წყლებია , ამ წყლის წასაღებად ხალხი შორიდან დადისო.
ვგრძნობ, რომ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება და მხოლოდ სახლში წასვლაზე ვოცნებობ . 
ლუდი და შოკოლადი ვიყიდე , გონება გავთიშე და მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როცა გავაცნობიერე, რომ ჩვენი სოფლისკენ მივდიოდით. მესტიის გადასახვევთან ერთი ტურისტი დაგვემგზავრა. თურქეთიდან ავტოსტოპით ჩამოვედი, მხოლოდ ორმოცი ლარი მაქვსო. მისი ნაამბობი მხოლოდ მე მესმის, არადა როგორ მინდა იამზესაც ესმოდეს და უკან რომ ორი ლავაში უდევს, იქიდან ერთს მაინც მისცემდეს.
უშგულის გადასახვევთან ჩამოვსვით ჩვენი დროებითი სტუმარი და მხოლოდ ამის შემდეგ ვეუბნები იამზეს მისი სიდუხჭირის შესახებ. არიქა, გავბრუნდეთ და ეს პური მივცეთო, - თავი გამოიდო, მაგრამ მეუღლემ როგორღაც დააშოშმინა და ჩვენც სახლში მშვიდობით დავბრუნდით.

6 comments:

  1. მარტო მოგზაურობდა? თურქი იყო?

    ReplyDelete
    Replies
    1. თქვა რომ თურქეთიდან ვარო, მაგრამ საერთოდ არ ჰგავდა თურქს.
      ვფიქრობ , იგულისხმა, რომ თურქეთიდან დაიწყო თავისი ორმოცლარიანი მოგზაურობა.
      კი, მარტო იყო.

      Delete
    2. ელოუნ ტრეველინგი ძალიან მიზიდავს (ის ხო ნახე, რიზ უიზერსპუნი). აი, ეგ იქნება გამოცა, თუ იქნება :))

      Delete
    3. სოლო თრეველინგი კარგია, მაგრამ ცოტა სხვანაირი შემზადება უნდა მაგას.
      ეგ ფილმი არ მომეწონა და არც ის რეალური პირი, რომელსაც რიზი ანსახიერებს.
      tracks ჯობია და რობინი ^^

      Delete
    4. ა ხო, კიდე აქლემებიანი გოგო.
      რაღაც მოხდება მგონია.

      Delete
    5. აბა ველოდები მოსახდენს ^^

      Delete