Sunday, October 28, 2018

კლასის მართვა



სკოლიდან სახლამდე გზა არც ისე მოკლეა, ამიტომ თავდაპირველად, ველოსიპედით დავდიოდი და ამასობაში, გამოფხიზლებასაც ვასწრებდი. ახლა კი, ვცდილობ ფეხით გავიარო გზის ეს მონაკვეთი , რადგან სწორედ ამ დროს ვაჯამებ მთელ დღეს, ველოსიპედი კი ყურადღებას მიფანტავს ხოლმე და მხოლოდ ავტომობილების მოძრაობის თბილისურ თავისებურებებზე ვარ კონცენტრირებული. 
ჩემი სასკოლო დღეები კი, მრავალფეროვანია და უამრავი ემოციებით დატვირთული, რისი ზიდვაც , თავდაპირველად ძალიან მძიმე აღმოჩნდა, თუმცა, ვცდილობ ყველაფერი თავის ადგილას დავალაგო. ეს სწორი , ადამიანებით გადატვირთული ქუჩები კი ამ ემოციების გადამუშავებაში და მობილიზებაში მეხმარება. მივდივარ მათ შორის, როგორც ერთი ჩვეული ნაწილი მათი, მაგრამ მათთვის ალბათ, სრულიად უცხოა ის განცდები, რაც ყოველთვის მომყვება სკოლიდან.
თითოეული კლასი განსაკუთრებული და განსხვავებულია, _ დამუკიდებელი ორგანიზმი, რომლებსაც ქმნიან სრულიად განსხვავებული მოსწავლეები, უკვე გამოკვეთილი ინტერესებით და მისწრაფებებით. მათი ერთობლიობა კი, პატარა, მაგრამ სრულიად განსაკუთრებულ დამოუკიდებელ საზოგადოებას ჰქმნის. ამ საზოგადოების ნდობა რომ მოიპოვო და მის სრულუფლებიან წევრად იგრძნო თავი, გარკვეული ეტაპები უნდა გაიარო:

  1. თავდაპირველად, თუ კლასი არის "უცნობი", პირველი ერთი კვირის განმავლობაში, მასწავლებელი გარედან უნდა დააკვირდეს კლასს და  აღიქვას მთლიანობაში , როგორც ერთი ორგანიზმი;
  2. მასწავლებელმა უნდა შეძლოს კლასის შიგნით ჩამოყალიბებული პატარა ჯგუფების ხასიათის განსაზღვრა, რომ შემდეგ გათვალისწინებულ იქნას სასწავლო პროცესში ჯგუფური მუშაობის დროს;
  3. მასწავლებელმა უნდა ჩაინიშნო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ქცევის მახასიათებლები და მათი განსხვავებული ინტერესების მიმართება კლასთან;
  4. ამ ყველაფრის გათვალისწინებით , მასწავლებელმა უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტულ კლასთან მუშაობის სტრატეგია;
  5. თითოეული გაკვეთილის შემდეგ , მასწავლებელმა ჩაინიშნოს კონკრეტული გაკვეთილზე მოსწავლეების განსხვავებული ქცევის ფაქტები;
  6. სასწავლო კვირის ბოლოს, მასწავლებელმა უნდა გაანალიზოს და შეაჯამოს თითოეული გაკვეთილის კომენტარები და შენიშვნები ;
  7. ამ ყველაფრის შემდეგ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს თავისი სამუშაო გეგმის მოდიფიკაცია საჭიროების მიხედვით;
  8. უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ყველა „აღმოჩენა“ , სიახლე და გავუზიაროთ კოლეგებს.
ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში, საშუალოდ შვიდ კლასთან მიწევს მუშაობა და თითოეული კლასის საჭიროებების გათვალისწინება, მათი ქცევის და  სწავლის შესახებ შენიშვნების ანალიზი და ჩემს სამუშაო გეგმაში ცვლილებების შეტანა. ამ ეტაპზე, ჩემთვის ყველაზე რთული ერთ-ერთ მეხუთე კლასში მუშაობაა, სადაც თითოეული მოსწავლე არის ძალზე აქტიური და გამოკვეთილი ლიდერი . სწორედ ამიტომ, ჩემთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს ქცევის მართვა საგაკვეთილო პროცესში, რადგან თავად მოსწავლეებს შორის იგრძნობა არამეგობრული დამოკიდებულება, შესაბამისად იქმნება ისეთი არაჯანსაღი გარემო, რაც საგაკვეთილო მუშაობას აფერხებს. ამასთან ერთად, თითოეული მათგანის ხასიათი და დამოკიდებულება დიდი სიხშირით იცვლება და ვერ ვასწრებ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ინტერესების განსაზღვრას და გათვალისწინებას, რასაც ართულებს ის ფაქტიც, რომ კლასში 28 მოსწავლეა.
ორი თვის განმავლობაში ვცდილობდი შემეცვალა ჩემი სამუშაო გეგმა, რომ მაქსიმალურად მომერგო ამ კლასის ინტერესებისთვის, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩებოდა. გავითვალისწინე ისიც, რომ ამ მოსწავლეებს სასკოლო პროგრამა არ სთავაზობს მათი დონის შესაბამის მასალას, შესაბამისად, მიწევს დამატებითი მასალების მოძიება და სხვა გარკვეული ცვლილებების შეტანა გაკვეთილის მსვლელობისას. ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ბოლოს ჩატარებული გაკვეთილი იყო ისეთი, როცა მოსწავლეებმა შეძლეს ქცევის მართვა და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა. ვფიქრობ, სწორედ ეს გაკვეთილი უნდა ავიღო ნიმუშად მომავალი გაკვეთილების დასაგეგემად.
და ბოლოს, მართლია, მე არ შემიძლია ერთბაშად შევცვალო სხვების ქცევა და დამოკიდებულება, მაგრამ მე შემიძლია შევცვალო ჩემი ქცევა, დამოკიდებულება , ფიქრები, განცდები, აქტივობები, სურვილები, არჩევანი და შედეგად მივიღო მინიმუმ, ერთად მუშაობის სურვილი და შესაბამისი განწყობა. 

No comments:

Post a Comment