მე მაღალმთიან სვანეთში ისტორიას და სამოქალაქო განათლებას
ვასწავლი , - უფროსკლასელებს. კიდევ უფრო თვალებციმციმა უმცროსკლასელებთან დიდ დროს
არ ვატარებ. მხოლოდ მისალმებით და ღიმილით შემოვიფარგლებით. თუმცა, ესეც საკმარისია
, რომ მათთან მეტად დაახლოება მოგინდეს, ამისთვის კი ამ ერთ პატარა სკოლაში მიზეზებს
და საშუალებებს რა დალევს. მათთან დასაკავშირებელი ერთ-ერთი ასეთი გზა „არმარიუმმა“ და მისმა რედაქტორმა შემომთავაზეს,
რომელთანაც ადრეც მაკავშირებდა სტუდენტობის პერიოდი და სოციალური ქსელი. მათი ახალი
პროექტის შესახებაც ასე გავიგე.
ბოლოდან დავიწყებ. - გაკვეთილების შემდეგ ჩვეულებრივ
მასწავლებლებთან ვსაუბრობ, რთული მისახვედრი არაა, რომ ისევ და ისევ სკოლაზე და მოსწავლეებზე.
ამ შემთხვევაში, ინგლისურის მასწავლებელი მიყვება სასაცილო ისტორიას გიო და ლუკაზე,
- მივედი მათთან სახლში და ვხედავ, რომ ორივენი ფქვილში ამოგანგლულები დგანან და ფაციფუცობენ
პატარა დიასახლისებივითო, - დაჯი მასწავლებელმა ჟურნალები დაგვირიგა , სადაც კაკაოს
ნამცხვრის რეცეპტი ეწერა და ახლა მაგას ვამზადებთო. ცოტა ხნის შემდეგ ვხედავდი, რომ
კიდევ ერთ რეცეპტს საგულდაგულოდ იწერდნენ თვით მასწავლებლები. ეს ის შემთხვევა იყო,
როცა ბავშვებისთვის განკუთვნილი სახელოვნებო-შემეცნებითი ჟურნალით მასწავლებლებიც არანაკლებ
დაინტერესებულნი ჩანდნენ.