Wednesday, November 25, 2015

დღის ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მესამე გაკვეთილი მაქვს, ადრე ვიღვიძებ, - როგორც ყოველთვის. საშუალოდ, ღამით მხოლოდ ოთხი საათი მძინავს. ნახევრადმიხურული კარებიდან სვანური ფეჩის ღუღუნი სწვდება ყურათასმენას. ვფიქრობ, ამ დილით, გარეთ რა სიუხვით დამხვდება თეთრი ნალექი და ნელნელა ვიზლაზნები, - გაკვეთილების გეგმა შედგენილი მაქვს, ყველა საჭირო რესურსი ჩალაგებული , - და არც ვჩქარობ. ნელა ვსვამ ჩემს ჩამოტანილ სანაქებო ჩაის გახუხულ პურთან ერთად და სკოლისკენ მივდივარ. გზა მოყინულია და სიარული მიჭირს, - ორი ჩანთით , მითუმეტეს. ბავშვები მიერთდებიან გზადაგზა და ხანდახან, გზამკვლევობასაც მიწევენ.

ბავშვებს ჩემი დანახვა უხარიათ, - ყოველ შემთხევვაში მე ასე ვგრძნობ. ვცდილობ , ყოველთვის ფერადი ტანისამოსი მეცვას, ზამთარში სვანეთის ერთთეთროვნებაც გვეყოფა. ვფიქრობ, ეს მოსწავლეების განწყობაზე დადებითად მოქმედებს. თავიდან ვგრძნობდი, რომ მათი მკაცრი ბუნებისთვის ცოტა უჩვეულოც კი იყო ამდენი ფერადი წინდები და კაბები, მაგრამ მათთვის ახლა უკვე ასეთი ვარ და ოდნავ მუქ ფერებში გადაწყვეტილი რომ მნახონ, ვიცი, რომ მაშინვე მკითხავენ მიზეზს ☺

ეს ერთგვარი მინიშნებაცაა, - პატივი ვცეთ ერთმანეთის მრავალფეროვნებას, როგორც ფიზიკურ ასპექტში, ასევე ვიყოთ ემპათიურები განსხვავებულ შეხედულებების, დამოკიდებულებებისს და აზრების მიმართ. როცა სასკოლო ქცევის წესებზე ვმსჯელობდით, ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ , - 1. უნდა გავუფრთხილდეთ სასკოლო რესურსებს; 2. არასდროს შევუშალოთ ხელი ერთმანეთს საუბრისას და 3. უფრო მეტი, პატივიც კი ვცეთ ერთმანეთის ნასაუბრევს. ფაქტია, რომ ამის შემდეგ , ისტორიის გაკვეთილზე ამის პრობლემა არ შექმნილა, - ეს წესები ხომ მათ დაუწესეს თავიანთ თავს და არა მასწავლებელმა.

ჩემს სკოლაში სულ 37 მოსწავლეა, აქედან 18 გოგოა. თითოეული მათგანი საშუალოდ ან საშუალოზე უკეთ სწავლობს, - აქ სკოლა ბავშვების თავშეყრის, გართობის, ურთიერთობის, ცოდნის მიღების ერთადერთი საშუალებაა და უმეტესი მათგანი ცდილობს, ეს ერთადერთი შანსი ბოლომდე გამოიყენოს. ერთ-ერთი მშობელი მეუბნებოდა, ყოველთვის ვეუბნები მარიამს, რომ შენი აქედან თავის დაღწევის გზა მხოლოდ სწავლა არისო.

„აქედან თავის დაღწევა“ ცალკე დიდი პრობლემაა, - იცხოვრო მაღალმთიან სვანეთში, ნიშნავს მუშაობდე ქანცისგაწყვეტამდე, არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ასაკს და შენს სოციალურ მდგომარეობას სოფლის თემში - როცა კარტოფილის დათესვის თუ აღების სეზონია, იქ ყველა თანასწორია, - ყველა გაკრეფილია და ამ დროს, ბავშვების უმეტესობა გაკვეთილებს არ ესწრება. თუ არ მუშაობ, აქ ცხოვრებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდე, - ზამთარი შეიძლება ოქტომბერში დაგატყდეს თავს. შეშა, საქონლის და ადამიანის საკვები - გრძელ ზამთარს ამ ყველაფრით მომარაგებული უნდა დახვდე.
დღეს სვანეთისგან ძალიან ბევრი კილომეტრით შორს, - თბილისში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალთა მოძრაობის წევრები და სხვა გულანთებული მოქალაქეები კანცელარიასთან შეიკრიბნენ. შეხვედრის თემა ადრეული ქორწინება იყო, - როგორც გოგონებზე ძალადობის ფორმა. არ ვიცი ვინ მივიდა აქციაზე და არც ის ვიცი, რა შეიცვლება ამის შემდეგ, - აქციების მიმართ ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება ბევრ მეგობარს აოცებდა კიდეც. იციან რასაც ვფიქრობ, როგორც ვფიქრობ და ამის მიუხედავად ისიც იციან, რომ ამ დროს შემიძლია საწოლში ჩავწვე და ფილმის ყურება განვაგრძო, გარეთ წვიმაში და ქარში დგომის ნაცვლად. მცირე შენიშნვა, - არანაირი სიზარმაცე. თუმცა, მიზეზებზე აღარ გავაგრძელებ საუბარს.

როგორც ბადა მიყვება, აქ ადრეულ ასაკში ქორწინება დიდი იშვიათობაა - არასრულწლოვანის მითუმეტეს. ბოლოს ხუთი წლის წინ დაქორწინდა მეათეკლასელი გოგონა და ამის შემდეგ მსგავსი რამ სოფელში არ მომხდარაო.

ღამდება - საოცარი ღამეებია მთებში. როგორ ბრჭყვიალებს თოვლი უზარმაზარი სავსე მთვარის შუქზე. ასე ძალიან რომ არ ციოდეს, შემიძლია საათობით ვიყო გარეთ და არ მომბეზრდეს ამ სილამაზის ცქერა. ამ დროს ჰაიდეგერის აზრები სიტყვის ძლევამოსილებასთან დაკავშირებით, სრულ ბოდვად გეჩვენება. მხოლოდ შინაგანი სიტყვები იბადება. ამასობაში მეგი და მარიც მეწვივნენ, - თბილისში წასვლამდე დავპირდი ბევრ ახალი წიგნების ჩამოტანას. მე ვაშლს ვჭამ, ისინი ჩაის მიირთმევენ  ჩემი ლამაზი ჭიქებით (როგორც თავად აღნიშნავენ ხოლმე)  და ვსაუბრობთ უკვე კარს მომდგარ ეროვნულ გამოცდებზე. ჯერ კიდევ არ იციან რა გზით გააგრძელებენ სვლას. თუმცა, ის დანამდვილებით იციან, რომ სწავლის გარდა არაფერი დარჩენიათ. ხშირად მეკითხებიან რჩევებს, - ამ დროს უხერხულად ვიშმუშნები, ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ ჯერ კიდევ 24 წლის ვარ და ცოტა ხანში, მეც ვაპირებ სწავლის მეორე მაგისტრატურაზე გაგრძელებას ფილოსოფიის მიმართულებით. მეც არანაკლებ ვნერვიულობ.

დღეს რუსუდან მეფეზე მესაუბრებოდნენ მეექვსეკლასელები. – „დაჯი მასწ, რუსუდანი ხომ ქალი იყო და ლაშა-გიორგივით ძლიერი ვერ იქნებოდა“ - ამბობს ლერი და ლაშა მაშინვე აწყვეტინებს სიტყვას,- „თამარიც ქალი იყო, მაგრამ მეფე და იყო ლაშა-გიორგიზე უფრო ძლიერი იყოოო“. ზოგჯერ ჩაურევლადაც ყველაფერი გვარდება, საკმარისია საჭირო მიმართულება მისცე ამ პროცესს. საბოლოოდ ასკვნიან, რომ სქესს მნიშვნელობა არ აქვს.

როცა პროექტში ჩავერთე და წამოსასვლელად ვემზადებოდი, ჩემმა მეგობარმა მომწერა, მე მჯერა, რომ იმ ბავშვების ცხოვრების შეცვლა შეგიძლია და მინდა, შენც გჯეროდეს ამისო. დღემდე ეს სიტყვები მიტრიალებს თავში და ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ეს „დანაქადნები“ შეიძლება რეალობად იქცეს. მასწავლებელი ხომ მათთვის ის ადამიანია, რომლისგანაც ისინი მაგალითს იღებენ. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, სანამ ტანსაცმელს აარჩევ; სანამ საკუთარ შეხედულებებსაც განიხილავ მათთან; სანამ საკუთარ გამოცდილებაზე მოუყვები; სანამ რჩევებს მისცემ; სანამ კითხვებს დასვამ; სანამ მათ შეაფასებ. - ეს ყველაზე გრძელი ბეწვის ხიდია. თუმცა, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ  ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო, - როცა მეთერთმეტეკლასელი მადონა მეუბნება, რომ ის მომავალი ისტორიის მასწავლებელია, ვრწუმდები, რომ აქციებზე დგომას მასთან ერთად ყოფნა მირჩევნია ჩვენს ნესტიან საკლასო ოთახში.
ყველა თავის გზას თავად ირჩევს.

სურათზე სოფლის სკოლის მასწავლებლის _starter pack :))

11 comments:

  1. ყველას თავისი გზა და მდინარება აქვს.
    რამე კონკრეტული წიგნი ხომ არ უნდათ განსაკუთრებით გოგოებს?

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩვენი მდინარება <3 ეს ისაა, რაც გამოგვარჩევს.

      კონკრეტული წიგნები არ უნდათ, ნენისმიერი რამ შეუძლიათ წაიღონ და წაიკითხონ - სტივენ კინგი; ოსტერი; ფლობერი...

      Delete
    2. შემიძლია რამდენიმე წიგნი გაგატანო.

      Delete
    3. ბავშვებთან როდე? ^^

      Delete
    4. ვითხოვებთ ^^
      არაჩვეულებრივია,- თან რომ მოვუყვები ამ წიგნების ისტორიას <3

      Delete
    5. გთხოვთ გაეცნოთ, ერთობ ღრმად მნიშვნელოვან წერილს თქვენს ფოსტაზე :))

      Delete
    6. რომელ მეილზე მომწერე როდე?

      Delete
  2. აქციებზე დგომას შრომა სჯობს ნამდვილად და მართლაც ლამაზი ჭიქა გქონია.
    მთა მგონია ადგილი, სადაც ქალისა და კაცის ძალა თანასწორდება. ქალებიც შეშავენ შეშას, იყენებენ კუნთებს ბარვისას, დაჰყვებიან საქონელს, ხედნიან ცხენებს. ანუ ფიზიკურადაც მსგავსი ძალა აქვთ. ქალისა და კაცის საქმის გაყოფა უფრო ქალაქის მოვლენა მგონია, კულტურული, ხელოვნურად წესებში ჩასმული.

    ReplyDelete
    Replies
    1. ეს არაა ჩემი ჭიქა, სკოლისაა :D
      სრულიად გეთანხმები თიკო, აქ ერთმანეთის დახმარების გარეშე არაფერი გამოდის და ეს თითოეულ ქალს და კაცს გაცნობიერებული აქვს. აქედან მოდის ურთიერთპატივისცემაც.
      ქალაქის არაფერი არ მჯერა. სიყალბე და ყალბი ადამიანები :))

      Delete