Monday, May 9, 2016

არმარიუმობა მაღალმთიან სვანეთში

მე მაღალმთიან სვანეთში ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ვასწავლი , - უფროსკლასელებს. კიდევ უფრო თვალებციმციმა უმცროსკლასელებთან დიდ დროს არ ვატარებ. მხოლოდ მისალმებით და ღიმილით შემოვიფარგლებით. თუმცა, ესეც საკმარისია , რომ მათთან მეტად დაახლოება მოგინდეს, ამისთვის კი ამ ერთ პატარა სკოლაში მიზეზებს და საშუალებებს რა დალევს. მათთან დასაკავშირებელი ერთ-ერთი ასეთი გზა  „არმარიუმმა“ და მისმა რედაქტორმა შემომთავაზეს, რომელთანაც ადრეც მაკავშირებდა სტუდენტობის პერიოდი და სოციალური ქსელი. მათი ახალი პროექტის შესახებაც ასე გავიგე.

ბოლოდან დავიწყებ. - გაკვეთილების შემდეგ ჩვეულებრივ მასწავლებლებთან ვსაუბრობ, რთული მისახვედრი არაა, რომ ისევ და ისევ სკოლაზე და მოსწავლეებზე. ამ შემთხვევაში, ინგლისურის მასწავლებელი მიყვება სასაცილო ისტორიას გიო და ლუკაზე, - მივედი მათთან სახლში და ვხედავ, რომ ორივენი ფქვილში ამოგანგლულები დგანან და ფაციფუცობენ პატარა დიასახლისებივითო, - დაჯი მასწავლებელმა ჟურნალები დაგვირიგა , სადაც კაკაოს ნამცხვრის რეცეპტი ეწერა და ახლა მაგას ვამზადებთო. ცოტა ხნის შემდეგ ვხედავდი, რომ კიდევ ერთ რეცეპტს საგულდაგულოდ იწერდნენ თვით მასწავლებლები. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ბავშვებისთვის განკუთვნილი სახელოვნებო-შემეცნებითი ჟურნალით მასწავლებლებიც არანაკლებ დაინტერესებულნი ჩანდნენ. 

თბილისიდან ჩამოტანილმა რამდენიმე „არმარიუმმა“ ძალიან დიდი მხიარულება და ინტერესი გამოიწვია ჩვენს პატარა სკოლაში. მათთვის მსგავსი სიახლეები არც ისე იშვიათია, შესაბამისად თავდაპირველად არ სჯეროდათ, რომ შეეძლოთ ეს ფერადი ჟურნალები სახლში წაეღოთ და სვანურ ფეჩთან ახლოს მოკალათებულებს ეფურცლათ და ეთვალიერებინათ ის ჯადოსნური სამყარო, რასაც ეს ახალი საბავშვო ჟურნალი სთავაზობს ბავშვებს ასეთი ენთუზიაზმით და შემართებით.

პატარებმა არც თავიანთი სიხარულის ჩვენთვის გაზიარება დაიშურეს:

„პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დაჯი მასწავლებელს ჟურნალებისთვის. მე წავიკითხე თავდაყირას შესახებ , „პატარა უფლისწული“. „მინიონები“, „20 საინტერესო ფაქტი“ და „ფიფქების ლეანა“. ძალიან მომეწონა ყველა. ჟურნალ „არმარიუმისგან“ შევიტყვე, რომ ბაობაბი სამკურნალო ხეა და აფრიკაში იზრდება. წარმოიდგინე, ის 450 წელს ცოცხლობს. წავიკითხე ეკატერინე გაბაშვილის ულამაზესი მოთხრობა „ხატაური ჩემია“. ასე დავამთავრე ამ ჟურნალების წაკითხვა. მადლობა, დაჯი მას“. პატივისცემით, ბარბარე გიგლემიანი
„მე ძალიან მომეწონა ზღარბი ქოქოს ამბები, პლანეტები, ფიფქი ლეანაც ძალიან საინტერესო მოთხრობა იყო. მომეწონა ქაღალდის ფიფქების გაკეთებაც. განსაკუთრებით კარგი იყო ბებოს რეცეპტები: როგორ გავაკეთოთ გირჩის მურაბა, მაფინები, მაჭკატები“პატივისცემით, მარიამ ფანგანი
„მე ძალიან მომეწონა ზღარბი ქოქოს ამბავი. არმარიუმში იყო ძალიან კარგი ლექსები და მოთხრობები. ყველაზე მეტად მომეწონა მჭედლები და ციხე-სიმაგრე“. ლუკა
ჭკვიან კალიდასგან ჭკვიანური ამბების მოსმენა, ბებოს მარტივი რეცეპტების მიხედვით ახალი გემრიელობების დამზადება და მოგზაურ პერეგრინოსთან ერთად ახალ ადგილებში ხეტიალი ყველა ბავშვისთვის დაუვიწყარი უნდა იყოს. მადლობა არმარიუმს, რომ არსებობს და მადლობა ელისაბედს, რომ ამ ჟურნალის შესახებ უკვე ჩვენთანაც იციან J


No comments:

Post a Comment