Wednesday, November 25, 2015

დღის ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მესამე გაკვეთილი მაქვს, ადრე ვიღვიძებ, - როგორც ყოველთვის. საშუალოდ, ღამით მხოლოდ ოთხი საათი მძინავს. ნახევრადმიხურული კარებიდან სვანური ფეჩის ღუღუნი სწვდება ყურათასმენას. ვფიქრობ, ამ დილით, გარეთ რა სიუხვით დამხვდება თეთრი ნალექი და ნელნელა ვიზლაზნები, - გაკვეთილების გეგმა შედგენილი მაქვს, ყველა საჭირო რესურსი ჩალაგებული , - და არც ვჩქარობ. ნელა ვსვამ ჩემს ჩამოტანილ სანაქებო ჩაის გახუხულ პურთან ერთად და სკოლისკენ მივდივარ. გზა მოყინულია და სიარული მიჭირს, - ორი ჩანთით , მითუმეტეს. ბავშვები მიერთდებიან გზადაგზა და ხანდახან, გზამკვლევობასაც მიწევენ.

ბავშვებს ჩემი დანახვა უხარიათ, - ყოველ შემთხევვაში მე ასე ვგრძნობ. ვცდილობ , ყოველთვის ფერადი ტანისამოსი მეცვას, ზამთარში სვანეთის ერთთეთროვნებაც გვეყოფა. ვფიქრობ, ეს მოსწავლეების განწყობაზე დადებითად მოქმედებს. თავიდან ვგრძნობდი, რომ მათი მკაცრი ბუნებისთვის ცოტა უჩვეულოც კი იყო ამდენი ფერადი წინდები და კაბები, მაგრამ მათთვის ახლა უკვე ასეთი ვარ და ოდნავ მუქ ფერებში გადაწყვეტილი რომ მნახონ, ვიცი, რომ მაშინვე მკითხავენ მიზეზს ☺

Tuesday, November 17, 2015

მდინარება #2

ამ ხნის განმავლობაში ვიყავი ჭალადიში, უშგულში, - ვნახე მთები, ტბები, მდინარეთა სათავეები, კლდეეები, წიწვოვან ხეთა ტყეები, ყვითელი ხეები, მაღალი ხეები, ბუჩქები, ლოდები და ბოლოს მყინვარი მცხუნვარე მზის ქვეშ.
შემდეგ გავხსენი სკოლის სამკითხველო ბიბლიოთეკასთან, და ამასთანავე ძალიან ბევრი კარგი წიგნი გადავარჩინე გაქრობას და მიწისაგან აღგვას, - შილერი, არისტოტელე, პლატონი, ვეფხისტყაოსანი და ა.შ.
შემდეგ დადგა შემოდგომა თავისი სრული პაკეტით, - ფოთოლცვენით, სიყვითლით, ქარით და საღამოს სიცივეებით.
შემდეგ იყო უბედური შემთხვევები,- ნერვიულობა ახალი ოჯახის წევრებზე; სკოლაზე, შეშის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებზე; სიცხეებზე; რამდენიმე დღე ისტორიის გაკვეთილების გარეშე დარჩენილ მოსწავლეებზე.
იყო თბილისი, - ორი ბედნიერი და ორი უბედური დღე; სიხარული და გულდაწყვეტა; ემოციები და უემოციობა; ნათქვამი და უთქმელი სიტყვები.