Tuesday, August 21, 2018

მასწავლებლად ყოფნის მსუბუქი აუტანლობა


ვსაუბრობ მეზობლებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან, ვირტუალურ მეგობებთან, - ისინი არიან მასწავლებლები. ისინი უშედეგოდ ეძებენ სამსახურს. ისინი აბარებენ გამოცდებს; მონაწილეობენ ფასიან ტრენინგებში; დადიან გასაუბრებებზე; თანხმდებიან მიზერულ ანაზღაურებას . მათი ერთი ნაწილი ვერ იწყებს მუშაობას; მეორე ნაწილი იწყებს მუშაობას კერძო სკოლებში, სადაც ძალიან დიდი დატვირთვის მიუხედავად, აქვთ ძალიან დაბალი ანაზღაურება განურჩევლად მასწავლებლის სტატუსისა და გამოცდილებისა ; მესამე ნაწილი იწყებს მუშაობას საჯარო სკოლებში, სადაც მათ აქვთ სტატუსის და გამოცდილების შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა , აქ უკვე ტოტალური ნეპოტიზმი თამაშობს გადამწყვეტ როლს.
მე , როგორც ყველა ჩვენთაგანს, მაქვს უფლება, ვისაუბრო იმაზე, რაც უშუალოდ მე მეხება ; ეხება იმას, რისიც მჯერა და რაზე ზრუნვის უფლებაც მაქვს.  ეს ჩემი, როგორც რიგითი მასწავლებლის უფლებაა,_ მაღელვებდეს ჩემი მდგომარეობა , ჩემი უფლებები, ის პირები, რომელთა წინაშეც ვარ ჩემი საქმიანობით პასუხისმგებელი და ის გამოწვევები, რომელიც ჩემ წინაშე დგას. თუმცა, ახლავე აღვნიშნავ, რომ მე ჩემს საქმიანობას არ განვიხილავ, როგორც მხოლოდ პირად პერსპექტივას. მასწავლებლად, იგივე განმანათლებლად ყოფნას მივიჩნევ, ამ საქმით დაკავებული თითოეულ პირის არა ინდივიდუალურ, არამედ საერთო გამოწვევად. ახლა კი ვხედავ, რომ ყველაფერი ერთი წინასწარ შეთხზული სცენარით ვითარდება. ყველა ის პროექტი, რაც გულისხმობს მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას , არის ისეთი თვალისამხვევი ფანდი, რომელიც რეალური პრობლემებიდან ყურადღების არამნიშვნელოვანზე გადატანას ითვალისწინებს და ამასთან ერთად, სრულიად გამორიცხავს კოლექტიურად ბრძოლის შესაძლებლობას. იქმნება ისეთი კონკურენტული გარემო, რომელიც მხოლოდ ინდივიდუალურ წარმატებაზე ორიენტირებულ მასწავლებლებს იზიდავს და მისი როლის რომანტიზებას ემსახურება. რეალურ პრობლემებს კი , ისევ კულისებს მიღმა დარჩენილნი ინაწილებენ.