Tuesday, August 21, 2018

მასწავლებლად ყოფნის მსუბუქი აუტანლობა


ვსაუბრობ მეზობლებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან, ვირტუალურ მეგობებთან, - ისინი არიან მასწავლებლები. ისინი უშედეგოდ ეძებენ სამსახურს. ისინი აბარებენ გამოცდებს; მონაწილეობენ ფასიან ტრენინგებში; დადიან გასაუბრებებზე; თანხმდებიან მიზერულ ანაზღაურებას . მათი ერთი ნაწილი ვერ იწყებს მუშაობას; მეორე ნაწილი იწყებს მუშაობას კერძო სკოლებში, სადაც ძალიან დიდი დატვირთვის მიუხედავად, აქვთ ძალიან დაბალი ანაზღაურება განურჩევლად მასწავლებლის სტატუსისა და გამოცდილებისა ; მესამე ნაწილი იწყებს მუშაობას საჯარო სკოლებში, სადაც მათ აქვთ სტატუსის და გამოცდილების შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა , აქ უკვე ტოტალური ნეპოტიზმი თამაშობს გადამწყვეტ როლს.
მე , როგორც ყველა ჩვენთაგანს, მაქვს უფლება, ვისაუბრო იმაზე, რაც უშუალოდ მე მეხება ; ეხება იმას, რისიც მჯერა და რაზე ზრუნვის უფლებაც მაქვს.  ეს ჩემი, როგორც რიგითი მასწავლებლის უფლებაა,_ მაღელვებდეს ჩემი მდგომარეობა , ჩემი უფლებები, ის პირები, რომელთა წინაშეც ვარ ჩემი საქმიანობით პასუხისმგებელი და ის გამოწვევები, რომელიც ჩემ წინაშე დგას. თუმცა, ახლავე აღვნიშნავ, რომ მე ჩემს საქმიანობას არ განვიხილავ, როგორც მხოლოდ პირად პერსპექტივას. მასწავლებლად, იგივე განმანათლებლად ყოფნას მივიჩნევ, ამ საქმით დაკავებული თითოეულ პირის არა ინდივიდუალურ, არამედ საერთო გამოწვევად. ახლა კი ვხედავ, რომ ყველაფერი ერთი წინასწარ შეთხზული სცენარით ვითარდება. ყველა ის პროექტი, რაც გულისხმობს მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას , არის ისეთი თვალისამხვევი ფანდი, რომელიც რეალური პრობლემებიდან ყურადღების არამნიშვნელოვანზე გადატანას ითვალისწინებს და ამასთან ერთად, სრულიად გამორიცხავს კოლექტიურად ბრძოლის შესაძლებლობას. იქმნება ისეთი კონკურენტული გარემო, რომელიც მხოლოდ ინდივიდუალურ წარმატებაზე ორიენტირებულ მასწავლებლებს იზიდავს და მისი როლის რომანტიზებას ემსახურება. რეალურ პრობლემებს კი , ისევ კულისებს მიღმა დარჩენილნი ინაწილებენ.
 ჩვენ ვერ ვხედავთ პრობლემას, სანამ უშუალოდ ჩვენ  არ დაგვატყდება თავს. ამ დროს კი ისეთი უმწეოები ვართ, რომ ხელებს ვაცეცებთ სიბნელეში და ვცდილობთ ვინმე ისეთი ვიპოვოთ, ვისაც ჩავებღაუჭებით, რომელსაც გამოუვლია იგივე ; ან რომლისგანაც რამე იმედისმომცემს გავიგებთ. პრობლემების აღმოფხვრაზე არ ვმუშაობთ იქამდე, სანამ ჩვენამდე არ მოაღწევს. ჩვენ უნდა ვღელავდეთ მაშინ, როცა ეს პრობლემები სხვას უხუთავს სულს.
ძალიან ბევრი გარემოებაა გასათვალისწინებელი, რომ მობილიზება და პროტესტის ორგანიზება ეფექტურად მოახერხო იმ პრინციპებით და ღირებულებებით, რომელიც შეიძლება საზოგადოებაში უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები კი არცთუ ისე კეთილ ტესტს ჰგავს ხოლმე, ვიდრე რეალური ცვლილებების სურვილს. საბოლოოდ, ყველაფერი გარკვეული ჯგუფის იზოლირებით სრულდება. ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა: საიდან იწყება ბრძოლა? სად არის ის სივრცე, რომელიც იქნება თავისუფლების წიაღი? საიდან იწყება ნგრევა-შიგნიდან თუ გარედან? ყოველგვარ ნგრევას და დეკონსტრუქციას თავისი წესები აქვს. ვფიქრობ, სტრატეგია, რომელიც არის უკომპრომისო, მაგრამ არის თანმიმდევრული და გათვლილი, ბევრად ეფექტურია, თუ ბრძოლა და მისი შედეგები გათვლილია გრძელვადიანი მიზნებისთვის.
თუ განათლებას მოვიზარებთ, როგორც უწყვეტ სვლას გათავისუფლებისაკენ, ამისთვის ადამიანმა ჯერ უნდა გაიაზროს თავისი მდგომარეობა, შემდეგ ეტაპზე კი, უნდა შეცვალოს ეს მდგომარეობა. თუმცა , ეს გააზრება არც ისე ახალია. ამაზე საუბრობდა პაულო ფრეიერი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში თავის ნაშრომში „ჩაგრულთა პედაგოგიკა“ ( pedagogia do oprimido). ჩემ გარშემო გაბატონებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ გადამეხედე ფრეიერის ნააზრევისთვის და თუ მეტყვიან, რომ საიდან უნდა დაიწყოს მასწავლებელმა თავისი საქმიანობა, როგორც განთავისუფლებისთვის მებრძოლმა, ვეტყოდი , რომ ამ იდეების მხარდაჭერით, რასაც აღმოვაჩენთ ფრეიერთან.
მაშინ როცა ოცდასამი წლის ასაკში მასწავლებელი გავხდი, არ მქონდა გაცნობიერებული ის გზა, რასაც რეალურად გულისხმობს მასწავლებლად ყოფნა. საქმიანობის პირველი ეტაპი შეიძლება ჩაითვალოს უბრალო მაყურებლად ყოფნის სტადიად, როცა უბრალოდ ელი აწყმოს გაგრძელებას, რადგან ხვდები, რომ ის პლატფორმა, რომელიც უნდა გულისხმობდეს თავის თავში მომავლის შექმნას და ამ ბრძოლასთან დაკავშირებული ყველა სახის რისკის გაწევას, პირიქით, გიბიძგებს ჩაერთო ისეთი „უტყუარობის წრეებში“, საიდანაც გაღწევა შეუძლებელია და მათთან ერთად ხდები არცთუ ისე სწორი „ჭეშმარიტების“ შემქმნელი/მონაწილე. 
ამ შემთხვევაში, მასწავლებლები, კიდევ ერთი „ჩაკეტილი წრის“ მონაწილეები, იმდენად არიან ადაპტირებულები იმ სტრუქტურებთან, რომელშიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, რომ სრულიად ემორჩილებიან მას და რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლის დაწყებისგან თავს იკავებენ, რადგან იციან, რომ ამ ბრძოლის თანმდევი რისკის გაწევას ვერ შეძლებენ. უფრო მეტიც, _ ამისთვის ბრძოლა არამხოლოდ მათ აფრთხობთ, არამედ სხვებსაც, რომელთაც უფრო ძლიერი რეპრესიების ეშინიათ. მათ უკვე ურჩევნიათ ამ მდგომარეობასთან შეთანხმებულად იცხოვრონ.
დღეს მასწავლებლების ყველაზე ნაცნობი მდგომარეობა სწორედ ასეთია, რაც გამოიწვია განათლების სისტემის არა რეალური რეფორმების განხორციელებისკენ სწრაფვამ , არამედ მხოლოდ დროებითი ეფექტის მქონე „კეთილი ნების“ გამოვლინებებმა. თუ უახლეს ისტორიას გადავხედავთ, მასწავლებელი და სკოლა  სრულიად იზოლირებულია და ჩამოშორებულია იმ ინიციატივებით ბრძოლას, რომელიც რეალურ ცვლილებებს მოიტანს მათთვის და მომავალი თაობისთვის.
 საგანმანათლებლო თუ პოლიტიკური პროგრამის ორგანიზების ათვლის წერტილი უნდა იყოს კონკრეტული პრობლემური სიტუაცია . გარკვეული ძირითადი წინააღმდეგობების გამოყენებით კი, ეს სიტუაცია იმ გარკვეული ჯგუფის წინაშე, პრობლემის სახით უნდა დავაყენოთ, რომელიც მათ რეაგირებისკენ უბიძგებს არამხოლოდ ინტელექტუალურ დონეზე, არამედ ქმედების დონეზე. მაგრამ ეს უნდა ხორციელდებოდეს არა ზეწოლით, არამედ იმ სტრუქტურული გარემოებების გათვალისწინებით, რომელშიც დიალექტურად ჩამოყალიბდა ამ საზოგადოების ენა და აზროვნება. სწორედ ასე შეიძლება იქცეს დიალოგი შემოქმედებითობით აქტად.
დღესდღეისობით კი, მასწავლებელი არა თუ არის პრობლემების წამოჭრაზე დამყარებული განათლების აღმსრულებელი; არა თუ აღიქვამს რეალობის ტრანსფორმაციულობის როლს განათლების უწყვეტობაში; არამედ სრულიად ვერ ავლენს სიტუაციის ღრმა ცოდნას და ტრანსფორმაციის სურვილი შეცვლილია მორჩილებით. ნებისმიერი სიტუაცია კი, რომელიც აბრკოლებს ნებისმიერი ადამიანის ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არის ძალადობა. არ ვიქნები მცდარი, თუ ვიტყვი, რომ მე დღეს, როგორც მასწავლებელი, ვარ მსხვერპლი, რომელსაც არ გააჩნია არავითარი არჩევანი, გარდა მორჩილებისა და სიჩუმის აღთქმის დაურღვევლობისა.
ადამიანებმა, რომლებიც „დაპირისპირებული „თემების სამყაროს“ წინაშე დგანან, შეიძლება დაიკავონ ასევე ურთიერთსაპირისპირო პოზიციები: ზოგი არსებული სტრუქტურის შენარჩუნებისთვის იღვწის, ზოგი კი, მათი შეცვლისთვის. ქართულ საგანმანათლებლო რეალობაში კი, სადაც მასწავლებელს მოჩვენებით აკისრია განმანათლებლის როლი, აქვთ ილუზია, რომ ისინი დგანან სწორედ ამ დაპირისპირებული „თემების სამყაროს“ წინაშე და აქვთ რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება. სინამდვილეში , არსებობს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა , რომელიც ისევ არსებული სისტემის განმტკიცებისკენ არის მიმართული და არ ითვალისიწინებს მიმდინარე პროცესების შეუქცევადობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამაა სათქმელი, ამ წერილს დავასრულებ ვიერა პინტუს სიტყვებით, სადაც ის ამბობს, რომ ის სიტუაციები, რომლებსაც ადამიანები ქმედებით უპირისპირდებიან, „გადაულახავი საზღვრები კი არ არის, სადაც ყველა შესაძლებლობა ამოწურულია, არამედ რეალური საზღვრებია, სადაც ყველა შესაძლებლობა იწყება“.


1 comment:

  1. საინტერესოდ დანახული რეალობა ... წარმატებები დაჯი!

    ReplyDelete