Tuesday, October 13, 2015

ბეწვის ხიდები

როცა ვინმე მეკითხება სად ვმუშაობ, ვისთან ვმუშაობ, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, მათთვის ყველაფერი რომანტიულ საბურველში ეხვევა. „აუ რა მაგარი ბუნებაა...“; „აუ რა საინტერესოა ისტორიის მასწავლებლობა...“; „რა საყვარელი ბავშვები არიან“; „რა ლამაზი ნისლია...“; „იქ კოშკებიცაა ხო?“; „აუ თეთნულდზე შემდეგ თხილამურებით ისრიალებ, არა?“ და ა.შ.
ეს ყველაფერი შემდეგ მოვიდა. მაგრამ იქამდე იყო ბევრი ეჭვი და გაურკვევლობა. რომ ვფიქრობ ამაზე, იმ აღფრთოვანებული ადამიანების ორი პროცენტიც არ გამოიყენებდა იგივე შანსს. ვერც იმას ვიტყვი, რომ მათთვის ეს მცდელობა პირველივე ჯერზე წარმატებული იქნებოდა. ფაქტი ისაა, რომ თავიდან არ იცი რა როგორ იქნება. შენი არჩევანიც სასწორზე ჰკიდია. ან ძალიან კარგად სრულდება ყველაფერი, ან ძალიან ცუდად. აქ „საშუალოდ“ ვერ იქნები.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ ლამაზი სურათების , ლამაზი ბავშვების, საინტერესო გაკვეთილების და არანაკლებ საინტერესო ცხოვრების უკან აუცილებლად იმალება მცირე განსაცდელები, შეცდომები და ხიფათები, რომელიც მხოლოდ მე ვიცი და არა ჩემი ამ ცხოვრების „დამთვალიერებლმა“. ლამაზი სურათი რომ გადაიღო, ზოგჯერ დიდ ლოდებზე უნდა აძვრე; ლამაზ ბავშვი რომ ლამაზად იქცეს, აუცილებლად მისი ინდივიდუალობა უნდა აღიარო; საინტერესო გაკვეთილი რომ ჩაატარო, ძალიან ბევრი უნდა იკითხო და ღამეები ათენო; საინტერესო ცხოვრება რომ შედგეს, ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა დაუკავშირო. ეს ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს, რაც მთლიანობაში დიდ ძალისხმევას მოითხოვს. 

Monday, October 5, 2015

როგორ ვასწავლი სწავლას

როცა მითხრეს, რომ ისტორიის მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი, შიშისგან და აღელვებისგან დიდხანს გონს ვერ მოვეგე, - ვიდექი, მობილურში წაკითხულ მეილს თვალს არ ვაშორებდი და მხოლოდ იმას ვხედავდი, თხილის შეგროვებისგან გაშავებული ხელები როგორ მიკანკალებდა.

ცოტა ხნის შემდეგ, როცა საბოლოოდ ჩავხურე მეილი, ჩვეულებრივ ავდექი და მუშაობა გავაგრძელე. ვფიქრობდი , რა უნდა მეღონა, რომ ამ პასუხიმგებლობისთვის თავი ამერიდებინა, - ისევ დედაჩემი გამახსენდა, - დავურეკე და მოვუყევი, რომ მე იმ შვიდ კანდიდატს შორის მოვხვდი და რომ შეიძლება ასე მოულოდნელად ისტორიის მასწავლებელი გავმხდარიყავი.

მალე მოვალ და ვისაუბროთო, - მითხრა და მის მოსვლამდე თითქოს საუკუნეები გავიდა. როგორც წესი , ასეა ხოლმე, - როცა ვხედავ , რომ დედაჩემი ჩემს ენთუზიაზმს და ყველა სახის გამოწვევებს აფასებს , დაწყებული ლგბტ საკითხებზე მუშაობიდან ისტორიის მასწავლებლობით დასრულებული, ვგრძნობ როგორ ვივსები ენერგიით და შემართებით.
ამჯერადაც ასე მოხდა, - მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიის მასწავლებელია, სათვალე ცხვირზე დაიკოსა, საქართველოს გაცრეცილი რუკა გაშალა და დიდი მონდომებიით ჩააჩერდა თავისი მომწვანო თვალებით. თითქოს პირველად ათვალიერებდა იმ ადგილებს, სადაც შეიძლება გავეშვით.

Saturday, October 3, 2015

მესტია, ისინი და ს(ხ)ვანნი

დილით საწოლიდან გამოსვლა უფრო და უფრო მტკივნეული ხდება , - შემჩნეული მაქვს, რომ წითელი ფერი ისევ საწოლისკენ მიზიდავს. მაგრამ როცა კარებზე მომიბრახუნეს, გაჭირვებით ავითრიე წელი და წასასვლელად მომზადებას შევუდექი. 
პარასკევია , - გაკვეთილები არ მაქვს და მესტიაში ბანკის საქმეები მიხმობს. 
სკოლის ბუღალტერი საკუთარ ქმართან და ერთ უცნობ პირთან ერთად დაუღალავად ქოთქოთებს. მე ჩუმად ვარ და ავტომობილის ფანჯრიდან ვაკვირდები მთების კალთებზე აწითლებულ ბუჩქებს. სოფელი მულახი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, რომელიც ოდესმე მინახავს. 
მესტიაში რესურსცენტრში შევიარე წვრილმან საქმეებზე, ბუღალტერი იქვე დავტოვე და თავად მესტიის ერთადერთი ბანკისკენ გავეშურე. ქსელი გათიშულია,-მაუწყებს ოპერატორი . რათქმაუნდა, - ვბუზღუნებ და გარეთ ვხეტიალობ ქსელის ჩართვის მოლოდინში.

Thursday, October 1, 2015

ჩემი პერსონალური კლასობანა

                                                                          (ხედი სკოლიდან)
მარია დილის ექვს საათზე წავიდა. გამგზავრებამდე დაპირებისამებრ შემოვიდა ჩემს ოთახში და ახლაგაღვიძებულს გამოსამშვიდობებლად მომეხვია. შემდეგ ცოტა ხანი შეჩერდა, შემომხედა და ისევ მთელი ძალით ჩამეხუტა. ძლივს გახელილი თვალები ისევ დავხუჭე და დავპირდი მალე ჩამოგაკითხავთქო. რამდენიმე წუთში მანქანის ღმუილიც შემოიჭრა ფანჯრიდან და მეც უშედეგოდ ვცადე ძილის შემობრუნება.
მარია 19 წლის გოგოა, - ჩემი პირველი მეგობარი სვანეთში. უკვე 15 დღე გავიდა რაც ჩემთან ერთად ცხოვრობს, უფრო სწორად 15 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი და მასთან ერთად დავიწყე ახალი ცხოვრება. თუმცა, ილიაუნიში სწავლა იმაზე ადრე დაიწყო,ვიდრე გასულ წელს და მარიასაც უხმობს დედაქალაქი. მის გარეშე აქაურობა მოსაწყენი მეჩვენება.