Tuesday, November 17, 2015

მდინარება #2

ამ ხნის განმავლობაში ვიყავი ჭალადიში, უშგულში, - ვნახე მთები, ტბები, მდინარეთა სათავეები, კლდეეები, წიწვოვან ხეთა ტყეები, ყვითელი ხეები, მაღალი ხეები, ბუჩქები, ლოდები და ბოლოს მყინვარი მცხუნვარე მზის ქვეშ.
შემდეგ გავხსენი სკოლის სამკითხველო ბიბლიოთეკასთან, და ამასთანავე ძალიან ბევრი კარგი წიგნი გადავარჩინე გაქრობას და მიწისაგან აღგვას, - შილერი, არისტოტელე, პლატონი, ვეფხისტყაოსანი და ა.შ.
შემდეგ დადგა შემოდგომა თავისი სრული პაკეტით, - ფოთოლცვენით, სიყვითლით, ქარით და საღამოს სიცივეებით.
შემდეგ იყო უბედური შემთხვევები,- ნერვიულობა ახალი ოჯახის წევრებზე; სკოლაზე, შეშის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებზე; სიცხეებზე; რამდენიმე დღე ისტორიის გაკვეთილების გარეშე დარჩენილ მოსწავლეებზე.
იყო თბილისი, - ორი ბედნიერი და ორი უბედური დღე; სიხარული და გულდაწყვეტა; ემოციები და უემოციობა; ნათქვამი და უთქმელი სიტყვები.

შემდეგ იყო ისევ სვანეთი, - მაგრამ ამჯერად თეთრი, ერთფეროვნად თეთრი; მუხლამდე თოვლი და გაუკვალავი გზები. და ეს ახლაც ასეა. ეს ჩემი პირველი ზამთარია მაღალმთიან სვანეთში.
ორშაბათს პირველი გაკვეთილი ჩავატარე თოვლიან სვანეთში. ისეთი სითეთრე ჩამიდგა თვალებში, რომ ჩემი ჭრელი მოსწავლეებიც თეთრად მეჩვენებოდა. კიდევ რამდენიმე თვე ეს ფერი ჩემი ფერი უნდა იყოს.
შეიძლება ითქვას, რომ მე და სვანეთმა ორ თვეში იმაზე ბევრი გამოვიარეთ ერთად, ვიდრე ნებისმიერი წარმოიდგენდა. ამასთანავე, იმასაც მივხვდი, რომ ყველაფრის მოყოლა არ ეგების, - არის „საკითხები“, რომლებიც მხოლოდ შენში უნდა დარჩეს, - არის ჩემი ისტორიები, რომელიც მხოლოდ ჩემია.
ახლა კი უფრო მნიშვნელოვანის დროა, - ბევრი დამრჩა მოსწავლეებზე და ჩემი ისტორიის გაკვეთილებზე მოსაყოლი.


2 comments:

  1. კარგ ამბებში, იმდენი რამე გროვდება ხოლმე, ბევრ რამეს ვერც გამოთქვამ და თან, ბევრი რამ არც უნდა გამოთქვა. მიყვარს ასეთი მომენტები, მხოლოდ მე რომ ვიცი.
    გილოცავ თოვლს და სითეთრეს. იმედია წელს თბილისში ვნახავთ მას :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო როდე, ზოგი გავიწყდება, ზოგისთვის სიტყვები არ გყოფნის და ასე...

      მადლობა, აქ იმდენი თოვლია, მთელ აღმოსავლეთს ეყოფოდა.

      Delete