Monday, October 5, 2015

როგორ ვასწავლი სწავლას

როცა მითხრეს, რომ ისტორიის მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი, შიშისგან და აღელვებისგან დიდხანს გონს ვერ მოვეგე, - ვიდექი, მობილურში წაკითხულ მეილს თვალს არ ვაშორებდი და მხოლოდ იმას ვხედავდი, თხილის შეგროვებისგან გაშავებული ხელები როგორ მიკანკალებდა.

ცოტა ხნის შემდეგ, როცა საბოლოოდ ჩავხურე მეილი, ჩვეულებრივ ავდექი და მუშაობა გავაგრძელე. ვფიქრობდი , რა უნდა მეღონა, რომ ამ პასუხიმგებლობისთვის თავი ამერიდებინა, - ისევ დედაჩემი გამახსენდა, - დავურეკე და მოვუყევი, რომ მე იმ შვიდ კანდიდატს შორის მოვხვდი და რომ შეიძლება ასე მოულოდნელად ისტორიის მასწავლებელი გავმხდარიყავი.

მალე მოვალ და ვისაუბროთო, - მითხრა და მის მოსვლამდე თითქოს საუკუნეები გავიდა. როგორც წესი , ასეა ხოლმე, - როცა ვხედავ , რომ დედაჩემი ჩემს ენთუზიაზმს და ყველა სახის გამოწვევებს აფასებს , დაწყებული ლგბტ საკითხებზე მუშაობიდან ისტორიის მასწავლებლობით დასრულებული, ვგრძნობ როგორ ვივსები ენერგიით და შემართებით.
ამჯერადაც ასე მოხდა, - მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიის მასწავლებელია, სათვალე ცხვირზე დაიკოსა, საქართველოს გაცრეცილი რუკა გაშალა და დიდი მონდომებიით ჩააჩერდა თავისი მომწვანო თვალებით. თითქოს პირველად ათვალიერებდა იმ ადგილებს, სადაც შეიძლება გავეშვით.

ვიფიქრე, მორჩა , დავიღუპე, მგონი ამ გაუგებრობიდან ასე მარტივად ვერ გამოვძვრებითქო. გაუგებრობა იყო იმდენად, რამდენადაც მგონია (დღემდე), რომ ოცდაოთხი წლის ვერც ერთ გოგოს თავისი ორი დიპლომის და უამრავი ტრენინგების მიუხედავად, არ ეცოდინება იმდენი და ვერ ექნება იმდენი გამოცდილება, რამდენიც ისტორიის სრულყოფილ მასწავლებელს სჭირდება.

მიუხედავად ყველაფრისა, თბილისში ჩავედი, მასწავლებლის სახლში ტრენინგების ოთახი ვიპოვე და უხერხულად ჩამოვჯექი იმ პედაგოგებს შორის, რომელთა საშუალო ასაკი ორმოცდახუთი წლიდან იწყებოდა. "ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი კარგადაა...სალომ გითხრა , რომ შენ ვერ გაძლებდი, შენ ვერ გაქაჩავდი, სხვა თუ არაფერი სწორედ ამის გამო უნდა გაბედო,...ყველაფერი კარგადაა...."- რამდენჯერაც ამას ვუმეორებდი საკუთარ თავს, იმდენჯერ თავიდან ვიწყებდი ნერვიულობას და ყველაფრის თავიდან გააზრებას.

შემდეგ ულამაზეს სვანეთში ჩამოვედი, ულამაზესი მარია დამხვდა, სკოლაში ულამაზესი ბავშვები და მივხვდი, რომ ყველაფერი მართლაც ძალიან კარგადაა.

პირველივე გაკვეთილზე რაც გავაკეთე, იყო ის, რომ საკუთარ თავს მასწავლებლის სტატუსი ჩამოვართვი , - ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ მე ვიქნებოდი ადამიანი, რომელიც მათ გვერდით დადგებოდა ბოლომდე და დაეხმარებოდა სწავლის პროცესში , - მე მათ ვეხმარები არა სწავლაში, არამედ სწავლის სწავლაში, როგორც ზრდასრულ ადამიანებს.

ოცი დღე გავიდა - ბავშვები ყოველდღე ვაშლებს და მოცვებს მჩუქნიან, საკუთარ ცხოვრებაზე მიყვებიან, ისტორიულ პროცესებზე საკუთარ აზრებს აყალიბებენ, ცდილობენ ფაქტებს ბრმად არ ენდონ და საკუთარ თავს დავალებებს თავად აძლევენ; ერთ-ერთმა საუკეთესო გოგონამ კი უკვე გადაწყვიტა , რომ ეროვნულ გამოცდებზე დამატებით საგნად ისტორიას ჩააბარებს.

ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია, - ცხოვრებაში პირველად ჩემ სამსახურს სამსახური აღარ ჰქვია, - ეს არის ნებაყოფლობითი სასიამოვნო პროცესი, რომლის დაგეგმვაში ხელს არავინ არ მიშლის და რაც მთავარია, ეს ორივე მხარისთვის ყოველდღიური პატარა დღესასწაულია.

ამდენადაც უცნაურია, რომ მაინცდამაინც დღეს მასწავლებლის საერთაშორისო დღე ყოფილა , - მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს მასწავლებლად არ აღვიქვამ, ვაცნობიერებ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვცდილობ, რომ ჩემი სკოლის ბავშვების ისტორიის გაკვეთილი იყოს ის ადგილი, დრო და სივრცე, სადაც ისინი დარჩებიან თავისუფალ ადამიანებად და საკუთარ თავზე აიღებენ ყოველგვარ პასუხისმგებლობას, - ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ გახდებიან სხვების შეხედულებების ტყვეები და ყველა მოვლენას და საგნებს თავად დაარქმევენ თავიანთ სახელს.

სკოლის მტვრიან ეზოში სიმშვიდით და სიხარულით აღსავსე გამოვდივარ , - ბიბლიოთეკის კარებთან მეორე სოფლიდან გადმოსული ერთ-ერთი ბავშვის ძაღლი წევს და მშვიდად ელოდება თავისი პატრონის გამოსვლას.

2 comments:

  1. სერიალივითაა. მაინტერესებს მერე რა მოხდება :>

    ReplyDelete
    Replies
    1. ))))
      ვნახოთ.
      დარჩით ჩვენთან :D ^^

      Delete