Tuesday, October 13, 2015

ბეწვის ხიდები

როცა ვინმე მეკითხება სად ვმუშაობ, ვისთან ვმუშაობ, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, მათთვის ყველაფერი რომანტიულ საბურველში ეხვევა. „აუ რა მაგარი ბუნებაა...“; „აუ რა საინტერესოა ისტორიის მასწავლებლობა...“; „რა საყვარელი ბავშვები არიან“; „რა ლამაზი ნისლია...“; „იქ კოშკებიცაა ხო?“; „აუ თეთნულდზე შემდეგ თხილამურებით ისრიალებ, არა?“ და ა.შ.
ეს ყველაფერი შემდეგ მოვიდა. მაგრამ იქამდე იყო ბევრი ეჭვი და გაურკვევლობა. რომ ვფიქრობ ამაზე, იმ აღფრთოვანებული ადამიანების ორი პროცენტიც არ გამოიყენებდა იგივე შანსს. ვერც იმას ვიტყვი, რომ მათთვის ეს მცდელობა პირველივე ჯერზე წარმატებული იქნებოდა. ფაქტი ისაა, რომ თავიდან არ იცი რა როგორ იქნება. შენი არჩევანიც სასწორზე ჰკიდია. ან ძალიან კარგად სრულდება ყველაფერი, ან ძალიან ცუდად. აქ „საშუალოდ“ ვერ იქნები.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ ლამაზი სურათების , ლამაზი ბავშვების, საინტერესო გაკვეთილების და არანაკლებ საინტერესო ცხოვრების უკან აუცილებლად იმალება მცირე განსაცდელები, შეცდომები და ხიფათები, რომელიც მხოლოდ მე ვიცი და არა ჩემი ამ ცხოვრების „დამთვალიერებლმა“. ლამაზი სურათი რომ გადაიღო, ზოგჯერ დიდ ლოდებზე უნდა აძვრე; ლამაზ ბავშვი რომ ლამაზად იქცეს, აუცილებლად მისი ინდივიდუალობა უნდა აღიარო; საინტერესო გაკვეთილი რომ ჩაატარო, ძალიან ბევრი უნდა იკითხო და ღამეები ათენო; საინტერესო ცხოვრება რომ შედგეს, ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა დაუკავშირო. ეს ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს, რაც მთლიანობაში დიდ ძალისხმევას მოითხოვს. 

ჩემი „ბეწვის ხიდები“ :
1.მეათე კლასელ გუგას სხვა მასწავლებლები ჰიპერაქტიურად თვლიან. ფიქრობენ , რომ მას უყვარს მეცხრეკლასელი გრძელთმიანი გოგონა, რომლის ყურადღების მისაქცევად ის ყველაფერს აკეთებს (რათქმაუნდა, ეს არაა „საკმარისი“ ჰიპერაქტიურობისთვის). გუგა ძალიან გონიერი, მოაზროვნე, მგრძნობიარე , სამართლიანი და მოუსვენარი ბიჭია (ვაღიარებ, მოუსვენარი უხეშად ჟღერს ჩემთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემ ლექსიკონში სხვა სიტყვა ვერ მოვიძიე).

გუგას კლასში რომ შევდივარ, ძალიან ვნერვიულობ ხოლმე, - ეს ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს, როცა ან მოიპოვებ მის ნდობას, ან სამუდამოდ დაკარგავ მის პატივისცემას. მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა - შევამჩნიე, რომ მის კლასელ სოსოს და კოტეს ერიდებათ აქტიურად ჩაერთონ გაკვეთილში, რადგან ამ დროს შეიძლება გუგამ ძალიან უხეში კომენტარი გააკეთოს ჩემს თვალწინ, მათი მისამართით. ძალიან რთული შემთხვევაა. პირველად სხვა მასწავლებლეთან ვიკითხე, როგორ იქცევა გუგა მათ გაკვეთილზე, - ამბობენ , რომ ძალიან ცელქია და ყურადღება არ უნდა მივაქციო.

ეს ნამდვილად არაა ჩემთვის საკმარისი. ვფიქრობ ინდივიდუალურ გეგმაზე, - რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ გუგამ ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები და ამავდროულად, სოსო და კოტე გახდნენ უფრო თავდაჯერებულები. თავდაპირველად ვცდილობ , ყოველ მათგანს თანაბარი დრო დავუთმო გაკვეთილზე, - არც მეტი, არც ნაკლები. სოსოს და კოტეს არ უნდა ეგონოთ, რომ რადგან გუგა ძალიან მალე ითვისებს ახალ ცოდნას , ამით ის მათზე უპირატესია. ვაღიაროთ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი, ახალგზარდა მასწავლებლის დამოკიდებულება.

ამისთვის ვცდილობ , თემატურად ჩემს გაკვეთილზე მათი ინდივიდუალური გამოცდილებაც გამოვკვეთო, რადგან დარწმუნდნენ , რომ მათი გამოცდილებაც არანაკლებ საინტერესოა „მასწავლებლისთვის“ და თანაკლასელებისთვის. სოსოს მერხზე საფეხბურთო კლუბ ბარსელონას გერბია მიხატული,-ეს მისი „ნამუშევარია“. გაკვეთილი ისტორიის დამხმარე დისციპლინებს ეხება. ნუმიზმატიკაზე საუბრისას, გუგა ყვება მამამისის მიერ მათ ეზოში  აღმოჩენილ ძველ მონეტაზე, რითაც ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს. ეს ცხადია ძალიან საინტერესოა, მაგრამ კოტე და სოსო ძველებურად , სიჩუმეს არ არღვევენ.

როცა ჰერალდიკაზე საუბარს ვიწყებ, სოსოს მერხიდან წიგნს ვიღებ და ბარსელონას გერბისკენ მივუთითებ. სოსო წითლდება და თავს ხელებში რგავს. ჰგონია, რომ  სასკოლო რესურსების ხელყოფისთვის მის სათანადოდ დატუქსვას ვაპირებ. მე ვეკითხები, იცის თუ არა თავისი საყვარელი კლუბის გერბის ისტორია. ამ დროს აღმოჩნდა, რომ სამივე მათგანს აინტერესებს ფეხბურთი და ჰყავთ ფავორიტი კლუბები. საინტერესო თემაზე საუბარში სოსოც ერთვება და წელში იმართება. ვეუბნები, რომ ჩემი საყვარელი კლუბი ლივერპულია და შესაბამისად , ვიცი მისი გერბის ისტორიაც. 

დავალებად ვაძლევ, ინტერნეტში მოიძიონ თავიანთი კლუბების გერბის, დროშის ისტორია შემდეგი გაკვეთილისთვის.
მესმის, რომ გაკვეთილის შემდეგაც ისევ ამაზე საუბრობენ და როგორც ამ საკითხში უფრო გათვითცნობიერებულნი , - სოსო და კოტე მონდომებით უხსნიან გუგას რაღაცას. გუგაც დიდი ინტერესით უსმენს მათ და ვფიქრობ, რომ მათ იმაზე მეტი გაიგეს ერთმანეთზე, ვიდრე აქამდე იცოდნენ.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. 

6 comments:

  1. ნეტა, შენნაირი მასწავლებელი მყოლოდა :>

    ReplyDelete
    Replies
    1. ყველა მაგას ნუ მეუბნებით, თორემ ვკომპლექსდები :დ ://

      Delete
  2. ნეტა, შენნაირი მასწავლებელი მყოლოდა!

    რა ვქნა, ასეა მაგა :დ

    ReplyDelete
  3. შეთქმულები ! :D

    ReplyDelete