Thursday, October 1, 2015

ჩემი პერსონალური კლასობანა

                                                                          (ხედი სკოლიდან)
მარია დილის ექვს საათზე წავიდა. გამგზავრებამდე დაპირებისამებრ შემოვიდა ჩემს ოთახში და ახლაგაღვიძებულს გამოსამშვიდობებლად მომეხვია. შემდეგ ცოტა ხანი შეჩერდა, შემომხედა და ისევ მთელი ძალით ჩამეხუტა. ძლივს გახელილი თვალები ისევ დავხუჭე და დავპირდი მალე ჩამოგაკითხავთქო. რამდენიმე წუთში მანქანის ღმუილიც შემოიჭრა ფანჯრიდან და მეც უშედეგოდ ვცადე ძილის შემობრუნება.
მარია 19 წლის გოგოა, - ჩემი პირველი მეგობარი სვანეთში. უკვე 15 დღე გავიდა რაც ჩემთან ერთად ცხოვრობს, უფრო სწორად 15 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი და მასთან ერთად დავიწყე ახალი ცხოვრება. თუმცა, ილიაუნიში სწავლა იმაზე ადრე დაიწყო,ვიდრე გასულ წელს და მარიასაც უხმობს დედაქალაქი. მის გარეშე აქაურობა მოსაწყენი მეჩვენება. 
სიმღერები ჩავრთე და კედლისკენ შეტრიალებულმა კიდევ ერთხელ ვცადე დაძინება. მხოლოდ დილის რვა საათისკენ ჩამეძინა. პირველ გაკვეთილს მივუსწარი და მაშინვე შევედი მეთორმეტე კლასელებთან. სულ ოთხნი არიან, მაგრამ ცივ საკლასო ოთახში მხოლოდ სამნი დამხვდნენ. მეგის ასავლ-დასავალის გაგება არც თუ ისე ძნელი აღმოჩნდა, - ბარი ჰქონდა მხრებზე მოგდებული და სადღაც მიდიოდა ამ დილითო, - მეუბნება გვარამი. ვერაფერს იტყვი, კარტოფილის ამოთხრის სეზონია მაღალმთიან სვანეთში.
შეშინებულები არიან, მოულოდნელად აცივდა, შეიძლება თოვლიც კი ჩამოწვესო და სიმწრით იხსენებენ გასულ წლებში თოვლში აღებული კარტოფილის მოსავალს. აქ ზამთრის რთული პირობები წინასწარ დიდ გარჯას და შრომას მოითხოვს, რაც თანაბრად ევალება დიდსაც და პატარასაც.
მარის ხასიათიც ამინდს აჰყოლია და მობუზულს ლამისაა ჩაეძინოს იტალიის რევოლუციებზე საუბრისას. დროდადრო ვამხნევებ, ვაფხიზლებ და საკუთარ გამოუძინებლობას ვწყევლი. დღეს ბავშვები ცუდ ხასიათზე არიან, ვაშლიც კი არ დაუდია არცერთს ჩემს მაგიდაზე. არადა, სკოლიდან ლამის ერთი კალათა ვაშლით გამოსვლა ჩემთვის უკვე ტრადიციაა. ღმერთმა იცის, ვისი ეზოდან იპარავენ. თუმცა, მათი ნაჩუქარი ყველაფერი გემრიელია.
როცა თბილა და მზიანი ამინდია, გაკვეთილებს გარეთ ვატარებთ, - ეზოში გავიტანეთ გრძელი სკამი. იმდენნიც არ ვართ, რომ ვერ დავეტიოთ. სკოლა მხოლოდ 37 ბავშვს ემსახურება. მეთერთმეტე კლასის ორ წარმომადგენელს შორის ვჯდები და ისტორიული წიაღსვლებით ვკავდებით, - სიწითლეშეპარული მთების ფონზე.
                          ( ჩვენი მეთერთმეტე კლასელები ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად :) )
დღეს სულ სამი გაკვეთილი მაქვს. მეთორმეტე კლასის შემდეგ გაერთიანებული მეშვიდე და მერვე კლასის ჯერია, - მერვე კლასს მხოლოდ იაკო წარმოადგენს, მეშვიდეს კი სულხანი, მარი და გიორგი. ამ ბავშვებთან ყოფნა ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია. ჯერ ერთი საკლასო ოთახი მუდამ მზიანია (ეს ის შემთხვევაა როცა მზე არ მაღიზიანებს) და მეორე, - ყველა კარგად სწავლობს. სულხანი ხომ შიშველი მონდომების, მოტივაციის და დაუზარელობის განსახიერებაა.
მეცხრე კლასში თერთმეტი მოსწავლეა. საოცრად აჟიტირებულები არიან, მათმა ენერგიამ ლამისაა წამლეკოს. რაღაცას თამაშობდნენ გარეთ და თურმე , ხელი შევუშალე გაკვეთილზე დასწრება რომ შევთავაზე. ვხვდები, რომ რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო მათი ყურადღების მისაქცევად. გადავწყვიტეთ ხუთი წუთი ერთად ვითამაშოთ. ეს მათთვის მეხის გავარდნას ჰგავს, - მასწავლებელთან თამაშის პრაქტიკა მათ სასკოლო გამოცდილებაში არ ფიქსირდება.
თავდაპირველად თავიანთი თამაშები შემომთავაზეს, მაგრამ მე შევთავაზე რამე ახალი გვეცადა. ამისთვის მზად არ ვიყავი და უცებ რაც გამახსენდა „ქარიშხალი და სახლი“ იყო. თამაშის პრინციპი ადვილად გაიაზრეს და ხუთ წუთში საკმარისზე მეტად დაიცალნენ თამაშისთვის განკუთვნილი ენერგიისგან.
ყველა კმაყოფილია და კოლხურ კულტურასა და მითებზე საუბარიც გაცილებით ეხალისებათ.
                             (ეზოს მელნისფრად გაფერადებაში დიდი წვლილი ამ ლამაზ ყვავილებს მიუძღვით)
სახლში მარტო ვბრუნდები. კატისებრთან ოჯახის ერთადერთ წარმომადგენელს საჭმელს ვუყრი და ველოდები როდის შეჭამს, რომ ქათმებმა არ წაართვან.  შემდეგ ბოტასებს ვრეცხავ და ლეპტოპს ვრთავ. გადაწყვეტილი მაქვს, რომ ერთ საათში კარტოფილების ამოღებაში დავხმარო ყანაში მარტო მომუშავე ოჯახის უფროსს. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მივდივარ. გვალვებმა მოსავლის რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა, თუმცა, ვცდილობთ ამაზე არ ვიფიქროთ და დიდი ოვაციებით ვეგებებით მიწისგან განთავისუფლებულ ყველაზე პატარა კარტოფილებსაც კი.
აქედან მთელი სოფელი ჩანს, - საგვარეულო კოშკიც ამაყად გადმოგვყურებს მთებთან ერთად. სახლში დაქანცული ვბრუნდები, მობლიურს უხალისოდ ვავლებ ხელს და გაუაზრებლად ვკითხულობ დახროვილ მესიჯებს, - მათ შორის თიბისი ბანკიც მამცნობს პირველი ხელფასის ჩარიცხვას, - ეს ის ოთხნიშნაა, რომელსაც დიდი ხანი ველოდი, მაგრამ ახლა ყოველგვარი რეაქციის გარეშე ვდებ მაგიდაზე მობილურს და ხვალინდელი გაკვეთილებისთვის ვემზადები.
აქ ცხოვრება იმაზე ბევრად საინტერესოა, ვიდრე წარმომედგინა.

6 comments:

  1. რა კარგია ეს ყველაფერი. მე ამ საშინელ მტვრიან-ჭვარტლიან თბილისში ვარ, შენ კიდევ მელნისფერ ყვავილებს და ამხელა მთებს შეჰყურებ!
    კარტოფილის ამოღების პროცესი ძალიან აღმაფრთოვანებდა ალგეთში როცა ვცხოვრობდი. რა კარგი იყო.

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო როდე, მახეა, მახე ეს ყველაფერი )))
      წამოდი შენც. ხელოვნება ასწავლე.

      Delete
    2. შეიძლება არ დაიჯერო, მარა იმ პოსტის მერე, ამ ამბავზე სერიოზულად დავფიქრდი. სახელმწიფო პროგრამაა ხო თუ არ ვცდები?

      Delete
    3. კი როდე, სახელმწიფო პროგრამაა 2010 წლიდან - "ასწავლე საქართველოსთვის.
      მოდი. შენნაირი ადამიანები სჭირდება ამ პროექტს.

      Delete
    4. აი, ვნახო 2016-ში სად წამიყვანს ჩემი გზა და მდინარე.

      Delete
    5. ველოდები აქეთკენ როდის ჩამოივლის შენი მდინარე ^_^

      Delete